არაგვის თემთა განვითარების ჯგუფმა აღმასრულებელი დირექტორი აირჩია
ვულოცავთ შუქია წიკლაურს ამ საპასუხისმგებლო თანამდებობას და ვუსურვებთ წარმატებებს არაგვის თემთა განვითარების ჯგუფს.
ქვეყანაში არსებული საგანგებო მდგომარების გამო, არჩევნები ონლაინ მიმდინარეობდა, სადაც წევრების მაქსიმალური ჩართულობა დაფიქსირდა და სასიამოვნოა ის ფაქტი, რომ მუშაობა გრძელდება შეუფერხებლად
კანდიდატებმა წევრებს წარუდგინეს მოკლე ბიოგრაფიები და საკუთარი ხედვები, რამაც ამომრჩეველს საშუალება მისცა კომენტარების სახით (კითხვა პასუხის რეჟიმში) გაემართათ საუბარი კანდიდატებთან და სწორედ ამ აქტიურობის ფონზე გამოერკვიათ, რომელი მათგანისთვის მიეცათ ხმა.
გთავაზობთ არაგვის ლაგის აღმასრულებელი დირექტორის შუქია წიკლაურის მონათხრობს საკუთარ გამოცდილებებსა და სამომავლო გეგმებზე ...
"შუქია წიკლაური, 25 წლის, ხევსურეთის სოფელ როშკიდან, სადაც დავიბადე და გავიზარდე. აქ ჯერჯერობით წელიწადში მხოლოდ სამ თვეს ვატარებ. თუმცა ვგეგმავ, დაახლოვებით 5 წელში, როშკაში მუდმივად დასახლებას.ვსწავლობდი ბარისახოს სკოლა-პანსიონში მერვე კლასამდე და უკეთესი განათლების მიღების მიზნით 14 წლის ასაკში თბილისში გადავედი. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ვსწავლობდი ბიოლოგიასა და გერმანისტიკას. ამ პერიოდში შესაძლებლობა მქონდა მონაწილეობა მიმეღო გაცვლით პროგრამებსა და სხვადასხვა პროექტებში, რის ფარგლებშიც მცირე ხნით ვსწავლობდი საზღვარგარეთ (ასევე მთიან რეგიონში - ტიროლში).
ამ ყველაფერმა საშუალება მომცა, გამეფართოებინა ჩემი თვალთახედვა და გამეცნო სხვა კულტურა და ცხოვრების წესი, ისევე როგორც მათი მიდგომა და მუშაობის პრინციპები ბუნების დაცვის, სოფლის მეურნეობის, ტურიზმისა თუ განათლების საკითხებში.
არაგვის თემთა განვითარების ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე მუშაობის პერიოდში, ორგანიზაციის წევრებთან, ადგილობრივებთან, სახელმწიფო ორგანოებთან და სხვა ორგანიზაციებთან თანამშრომლობით, იმედი მაქვს, წინსვლას მივაღწევთ განათლების, სპორტისა და კულტურის, სოფლის მეურნეობის, ტურიზმისა და სოციალური საკითხების ჯანსაღ და მდგრად განვითარებაში გარემოს დაცვისა და ადგილობრივი მაცხოვრებლების ინტერესების გათვალისწინებით.
ჩვენს თემებში მრავალი ინტერესისა და მიზნის მქონე ადამიანი ცხოვრობს და ჩემი აზრით, მნიშვნელოვანია, თანაბარი ყურადღება დავუთმოთ თითოეულის ინტერესს, რათა მოხერხდეს ყველა სფეროს სათანადო ხელშეწყობა და მათი ურთიერთთანამშრომლობა.
ვფიქრობ, რომ თუ ჩვენ ყველა ადამიანს მივცემთ საშუალებას, სასურველ სფეროში განვითარდეს, მივაღწევთ სამიზნე თემების გაძლიერებას მოსალოდნელი დაბრკოლებების მიუხედავად. „
არაგვის თემთა განვითარების ჯგუფი შეიქმნა პროექტის „არაგვის თემთა მდგრადი განვითარება“ ფარგლებში, ჩეხეთის განვითარების სააგენტოსა და ჩეხური არასამთავრობო ორგანიზაცია „ფიფლ ინ ნიდ“-ის მხარდაჭერით.